„პეტრა ჯგუფის” პრეზენტაცია დუბაიში და საქართველო საერთაშორისო საინვესტიციო რუკაზე
საქართველო სულ უფრო აქტიურად პოზიციონირდება, როგორც რეგიონული საინვესტიციო და ტურისტული ჰაბი. ამ კონტექსტში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს კერძო სექტორის მიერ გადადგმული ნაბიჯები, რომლებიც ქვეყნის პოტენციალს საერთაშორისო აუდიტორიას აცნობს. ასეთია „პეტრა ჯგუფის“ პრეზენტაცია დუბაიში, ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან გლობალურ ბიზნესცენტრში.
2026 წლის 14 იანვარს, დუბაიში, პრესტიჟულ ლოკაციაზე – Bvlgari Yacht Club-ში, პეტრა ჯგუფმა საერთაშორისო ინვესტორებსა და დარგის ლიდერებს საქართველოს ტურისტული და საინვესტიციო განვითარების ახალი ხედვა წარუდგინა. ღონისძიებას ესწრებოდნენ მსხვილი საერთაშორისო ინვესტორები და უძრავი ქონების წამყვანი ექსპერტები, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ქართული უძრავი ქონების ბაზრის მიმართ მზარდ გლობალურ ინტერესს. პრეზენტაციის მთავარი ნაწილი დაეთმო ორ უპრეცედენტო მასშტაბის პროექტს: Petra Sea Resort-ს ციხისძირში და Petra Ski Resort-ს გუდაურში, რომლებიც შავი ზღვის სანაპიროდან კავკასიონის მთებამდე, 5-ვარსკვლავიანი ცხოვრების ახალ სტანდარტს ამკვიდრებს.
ყურადსაღებია ამ ღონისძიებაზე პეტრა ჯგუფის საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობაც, რომლებს შორის არიან: Accor-ის, Valor Hospitality და სხვა გლობალური ბრენდები. ეს პარტნიორობა არა მხოლოდ კონკრეტული პროექტების ხარისხზე მიუთითებს, არამედ ამყარებს კომპანიის სანდოობას და მის გლობალურ პოზიციონირებას.
დუბაიში გამართული საღამო პეტრა ჯგუფისთვის იქცა სტრატეგიულ პლატფორმად, რომელიც ხელს უწყობს კომპანიის ტრანსფორმაციას რეგიონული მოთამაშიდან საერთაშორისო მასშტაბის ბრენდამდე. ამ დეტალებზე უფრო ვრცლად გვესაუბრა თინა კალანდარიშვილი, პეტრა ჯგუფის გენერალური დირექტორი:

M: დუბაიში გამართული პრეზენტაცია საკმაოდ მაღალი დონის აუდიტორიაზე იყო ორიენტირებული. რას ნიშნავს ეს ღონისძიება „პეტრა ჯგუფისთვის“ სტრატეგიულად და რატომ იყო მნიშვნელოვანი საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის სწორედ ამ პლატფორმიდან წარმოჩენა?
დუბაი მსოფლიო ბიზნესის ჰაბია და აქ საკუთარი კომპანიის წარდგენა პოტენციური პარტნიორებისთვის ნიშნავს, რომ პეტრა ჯგუფი გადის ლოკალური ჩარჩოებიდან და პოზიციონირებს, როგორც გლობალური მოთამაშე. მაღალი დონის აუდიტორია გვაძლევს წვდომას მსხვილ კაპიტალზე, რაც აუცილებელია მასშტაბური კურორტებისა და მრავალფუნქციური კომპლექსების განვითარებისთვის. ამასთან, ეს არის განაცხადი, რომ კომპანია აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს ხარისხით, არქიტექტურითა და მენეჯმენტით. დუბაიში არიან ინვესტორები მთელი მსოფლიოდან და ეს პლატფორმა საშუალებას გვაძლევს, საქართველოს საინვესტიციო პოტენციალი პირდაპირ გლობალურ ბაზარს გავაცნოთ.
M: თქვენ აღნიშნავთ „5-ვარსკვლავიანი ეკოსისტემის“ კონცეფციას შავი ზღვის სანაპიროდან კავკასიონის მთებამდე. როგორია ამ ხედვის არსი და რით განასხვავებს ის საქართველოს ტურისტულ და დეველოპერულ ბაზარზე?
ჩვენი მიზანია შევქმნათ უწყვეტი პრემიუმგამოცდილება. როდესაც მომხმარებელი ან ინვესტორი ირჩევს პეტრა ჯგუფს, ის დარწმუნებულია, რომ ზღვაზეც და მთაშიც მიიღებს ერთსა და იმავე 5-ვარსკვლავიან სერვისს, ინფრასტრუქტურასა და ხარისხს. ეს არის ერთიანი ეკოსისტემა და არ ჰგავს ბაზარზე გავრცელებულ ფრაგმენტულ პროექტებს.
თითოეული დეველოპერული პროექტი პეტრა ჯგუფის პორტფოლიოდან, მინიმუმ ერთი 5-ვარსკვლავიანი ბრენდითაა წარმოდგენილი. გუდაურის პროექტის (Petra Ski Resort) მაგალითზე რომ გითხრათ, ეს არის Swissotel-ის სასტუმროსა და ბრენდული რეზიდენციების კომპლექსი, ციხისძირში კი, Petra Sea Resort – PULLMAN-ის 5-ვარსკვლავიან სასტუმროსა და ბრენდულ რეზიდენციებს მოიცავს.
ამგვარად, „ზღვიდან მთამდე“ კონცეფცია ქმნის 365-დღიან პროდუქტს, რაც მნიშვნელოვნად ზრდის საინვესტიციო მიმზიდველობას. ჩვენ არ ვყიდით უბრალოდ კვადრატულ მეტრებს – ჩვენ ვქმნით ცხოვრების სტილს.
M: რა არის „Petra Sea Resort ციხისძირში” და „Petra Ski Resort გუდაურში” კურორტების მთავარი ღირებულება როგორც ინვესტორებისთვის, ისე ქვეყნის ტურიზმის განვითარების თვალსაზრისით?
ინვესტორებისთვის ეს არის დივერსიფიკაციის შესაძლებლობა, საზღვაო და სათხილამურო ტურიზმი ერთ პორტფელში. ორივე ლოკაცია სტრატეგიულია და გამოირჩევა მაღალი ROI-ის პოტენციალით. ქვეყნის ტურიზმისთვის კი ეს ნიშნავს ოთხივე სეზონის აქტივაციას. ამ ორი კურორტის სინერგია ამცირებს სეზონურობას და იზიდავს პრემიუმსეგმენტის ტურისტებს, რაც პირდაპირ აისახება ეკონომიკურ ზრდაზე.
M: რამდენად მნიშვნელოვანი როლი აქვს საერთაშორისო პარტნიორობებს კომპანიის სანდოობისა და გლობალური პოზიციონირების განმტკიცებაში?
საერთაშორისო პარტნიორები კომპანიისთვის არის ერთგვარი ხარისხის ბეჭედი. როდესაც ისეთ გლობალურ ბრენდებთან ვთანამშრომლობთ, როგორიცაა ევროპის #1 სასტუმრო ოპერატორი Accor (ახლა უკვე 2 ბრენდით: Pullman და Swissotel) ან Valor Hospitality, ეს ინვესტორს მიანიშნებს იმაზე, რომ პროექტები აკმაყოფილებს უმაღლეს საერთაშორისო სტანდარტებს. ამასთან, პარტნიორობა გვაძლევს წვდომას გლობალურ ქსელებზე, დაჯავშნის სისტემებსა და ლოიალობის პროგრამებზე, რაც პროექტებს მსოფლიო მასშტაბით ცნობადს ხდის.
M: შეგიძლიათ გაგვიზიაროთ, როგორ აისახება დუბაიში მიღწეული შეთანხმებები პეტრა ჯგუფის მომავალ პროექტებზე?
მიღწეული შეთანხმებები ქმნის მყარ ფინანსურ საფუძველს ახალი, უფრო ამბიციური პროექტებისთვის. ეს ნიშნავს უფრო სწრაფ ტემპებსა და მასშტაბების ზრდას. ასევე, მივიღეთ მნიშვნელოვანი გამოცდილება, თუ როგორ გავხადოთ მომავალი პროექტები უფრო ინოვაციური და „ჭკვიანი“. გლობალური ოპერატორების ჩართულობა ავტომატურად ზრდის ობიექტების საერთაშორისო ცნობადობას და ქვეყნის კონკურენტუნარიანობას.
M: თქვენი შეფასებით, რა ფაქტორები ხდის დღეს საქართველოს განსაკუთრებით მიმზიდველს საერთაშორისო ინვესტორებისთვის და როლს ასრულებს ამაში პეტრა ჯგუფი?
საქართველოს მიმზიდველობას განაპირობებს ლიბერალური საგადასახადო სისტემა, ბიზნესის კეთების სიმარტივე და სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობა. ამას ემატება მზარდი ტურისტული ნაკადები და უსაფრთხო, სტაბილური გარემო, სადაც დაცულია საკუთრების უფლება.
ხოლო პეტრა ჯგუფის მიდგომა, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებზეა დაფუძნებული, ამ უპირატესობებს კიდევ უფრო მეტ ღირებულებას სძენს. ის მოქმედებს როგორც ხიდი საერთაშორისო გამოცდილებასა და ადგილობრივ პოტენციალს შორის. ჩვენი მიზანია შევქმნათ მაღალი ხარისხის, მასშტაბური პროექტები, რომლებიც საქართველოს აქცევს პრემიუმკლასის ბიზნეს და ტურისტულ მიმართულებად რეგიონში. გლობალურ დონეზე კი ვისწრაფვით, პეტრა ჯგუფი იქცეს საერთაშორისოდ აღიარებულ ბრენდად, რომელიც ასოცირდება ინოვაციასთან, სანდოობასთან და უმაღლესი დონის ეკოსისტემის შექმნასთან.